X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე - აბასთუმანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, წარმატებული პროექტების კარგი მაგალითია

17 ივლისი 2022

„აბასთუმანს დღეს უკვე აქვს უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა. აბასთუმანი არის კარგი მაგალითი წარმატებული პროექტების, რომლის მსგავს პროექტებს დღეს ქვეყნის 182 მდებარეობაში ვახორციელებთ და რის შედეგადაც, 580 ათასი ადამიანი, რომელთაგან 200 ათასს არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება, უკვე 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაბა აბასთუმნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დასრულებული პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.

კურორტ აბასთუმნის და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა 2021 წელს დასრულდა.  მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა  არსებულ რეზერვუარს.

დაბაში სრულად მოწესრიგდა წყალარინების, 70-იან წლებში აშენებული და თითქმის სრულად ამორტიზებული სისტემაც. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, კოლექტორები და ჭები. ახალი სისტემა, აბასთუმნის გარდა, ემსახურება აღობილისა და არაზინდოს დასახლებებსაც.

2022 წლიდან კურორტს წყალარინების თანამედროვე სტანდარტის გამწმენდი ნაგებობებაც აქვს. ახალი გამწმენდი ნაგებობა ამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს და მნიშვნელოვანია უნიკალური კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის.

მინისტრის თქმით, წყლის არსებული დებეტისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შედეგად, აბასთუმნის 24 საათიანი წყალმომარაგებით არა მხოლოდ მიმდინარე საჭიროებების უზრუნველყოფაა შესაძლებელი, არამედ კურორტის განვითარების პირობებშიც კი, არსებობს აბასთუმნის უწყვეტი წყალმომარაგებითა და გამართული წყალარინების სისტემით მომსახურების საშუალება.  

ირაკლი ქარსელაძემ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის 5000-ზე მეტ მოსახლეს, რომელიც მხოლოდ ხელოვნურად მოწყობილი ჭაბურღილებით სარგებლობს, 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

„ასევე წარმატებით მიმდინარეობს, როგორც კახეთის რეგიონში, ისე იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ბევრ სხვა რეგიონში პროექტები, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მაღალი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით იქნებიან განაცხადა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა.